19 ივლისი 2026,   21:29
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში იმყოფება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "Rotterdam-თან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის ალტერნატივები და შემდგომი ნაბიჯები.

ისაუბრეს პოტენციური ინფორმაციული დანაკლისის იდენტიფიცირებასა და ძირითადი რისკების შეფასებაზე. გაიმართა დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რაც საშუალებას მოგვცემს, ნავსადგური რეგიონის მთავარ კარიბჭედ ვაქციოთ," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომელიც, "ლენდლორდის" მოდელით მომუშავე როტერდამის საზღვაო ნავსადგურს ეწვია.

ის, აგრეთვე, ადგილზე გაეცნო პორტის მართვის სისტემას, მულტიმოდალური ტერმინალების ოპერირებას, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ლოგისტიკის ინტეგრაციას, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ, ეფექტიან და კონკურენტუნარიან გადაადგილებას.

ორდღიანი ვიზიტის მიზანი იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება. ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორებიც.

დღის ამბები