საქართველოში ყინვები გრძელდება, ადამიანთა ნაწილი კი ღამეს ისევ ღია ცის ქვეშ ათევს. რა მიზეზით დარჩა მიუსაფართა ნაწილი დედაქალაქში მოწყობილი თავშესაფრის მიღმა და შეიძლებოდა თუ არა სწორი სოციალური პოლიტიკით ბოლო დღეებში გარდაცვლილების სიცოცხლის შენარჩუნება, თვითმმართველობის კანონისმიერ ვალდებულებებს განმარტავენ მესამე სექტორში.
"კოდექსით განსაზღვრულია ვალდებულება, რომ მათ უნდა განახორციელონ რეგისტრაცია და შესაბამისად, აღწერა, რათა მოხდეს ამ პირების ზუსტი რაოდენობის ცოდნა, რომ შემდგომ შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინონ ამ ადამიანებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა,“ - განმარტა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ირმა პავლიაშვილმა
განმარტებები ამ საკითხზე კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში გაკეთდა.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აუცილებელია გამოკვლევა, თუ რა მიზეზით მოხდა ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე ორი ადამიანის გარდაცვალება
„მერიის სოციალურმა სამსახურებმა უნდა იმუშაონ ამ ადამიანებთან გრეძლვადიანად. ეს არ შეიძლება იყოს ერთჯერადი კომუნიკაცია, რათა გაიგონ, რა მოტივებით ურჩევნიათ ასეთ ყინვებში დარჩენა ასეთ მძიმე პირობებში და არ გადავიდნენ თავშესაფარში. უნდა მოხდეს გამოკვლევა, რა პირობებში მოხდა ამ ადამიანების გარდაცვალება და სახელმწიფომ შეასრულა თუ არა მისი პოზიტიური ვალდებულებები,“ - აღნიშნა ლინა ღოღობერიძემ.
მერიაში მიუსაფართა გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები აღარ გაკეთებულა.