ძლიერმა თოვამ ზუგდიდის რაიონში 23 სახლი დაანგრია. 3 საცხოვრებლად უვარგისია. დაზარალებულ ოჯახებს შორის არიან სოციალურად დაუცველებიც. უსახლკაროდ დარჩენილები ამ დრომდე ღამეს ნათესავებთან ათევენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაზარალებულების საცხოვრებელ სახლებს უახლოეს მომავალში აღადგენენ.
დიდთოვლობამ და უამინდობამ ზუგდიდში გადაადგილების პრობლემაც შექმნა. შეფერხებებით მიმდინარეობს გზების გაწმენდით სამუშაოები. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, რთული რჩება ვითარება მაღალმთიან სოფლებშიც, სადაც გზები ამ დრომდე ვერ იწმინდება. სოფლების ნაწილი უკვე მე-5 დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
დიდთოვლობის გამო ზუგდიდი-მესტიის სამანქანე გზაზე გვიან ღამით ზვავი ჩამოწვა. სტიქიის დროს გზაზე მოძრავმა მანქანებმა გვირაბში შესვლა მოასწრეს. ზვავს გადარჩენილები ტერიტორიის გაწმენდას დილამდე ელოდნენ. მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტებიც. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის საშიშროება ისევ არსებობს.
დიდთოვლობისა და უხვი ნალექის გამო რთულია ვითარება იმერეთშიც. დასავლეთის მიმართულებით ავტომობილები შემოვლითი გზით, ბაღდათის გავლით გადაადგილდებიან. თბილისი ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე ადიდებულმა მდინარემ თერჯოლის გზა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკვე მე-5-ედ წაიღო.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.