სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და სამაშველო ოპერაციის დაგვიანებაზე საუბრობს. უკვე ერთ კვირაზე მეტია ლაგოდეხის მთებში 3 ახალგაზრდა დაკარგულია. კავკასიონზე სანადიროდ წასული ახალგაზრდები 30 დეკემბრის შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულან. 26 წლის ლევან ჯალალოვის ოჯახის წევრებსა და თანასოფლელებს კითხვები ხელისუფლებასთან აქვთ, თუ რატომ გამოეთიშა სამაშველო ოპერაციას ვერტმფრენები. დაკარგულების ახლობლები სამძებრო სამუშაოების გააქტიურებას ითხოვენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენით ძებნის ოპერაციის გაგრძელება აღარ იგეგმება, რადგან მთების ზედა პერიმეტრი სრულად შემოწმებულია. სამძებრო სამუშაოებს მხოლოდ ქვეითი სამშველო ბრიგადები გააგრძელებენ.
განსხვავებულია კახეთის გუბერნატორის ვერსია. ირაკლი შიოლაშვილის ინფორმაციით, ვერტმფრენებით დაკარგული ახალგაზრდების ძებნა უამინდობის გამო შეჩერდა.
დაკარგულებს ეძებენ თანასოფლელებიც.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი, ია გულიაშვილი.