საფეხბურთო სკოლა ოლიმპის მოედნის დემონტაჟი სკოლის მწვრთნელებმა, მოსწავლეების მშობლებმა და ოპოზიციის წევრებმა სპორტის სამინისტროსთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სკოლისთვის ალტერნატიული ფართის გადაცემასაც ეწინააღმდეგებიან.
ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე იმსჯელეს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეხვედრისასაც. ტარიელ ხეჩიკაშვილთან აქციიდან საინიციატივო ჯგუფი შევიდა. სპორტის მინისტრმა საბურთალოს რაიონში საფეხბურთო კომპლექსის არსებობის აუცილებლობა დაადასტურა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თბილისის მერია კვლავ ტყუილში დაადანაშაულეს და მოუწოდეს დავით ნარმანიას, არ გასცეს ოლიმპის ტერიტორიაზე დემონტაჟისა და შენების უფლება.
თბილისის მერი დღეს ამ საკითხს აღარ გამოხმაურებია. ოლიმპის დამფუძნებელმა კი მერია და ინვესტორი გარიგებაში დაადანაშაულა.
მამუკა გუგეშაშვილი სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში UEFA-საც მიმართავს.
გუგეშაშვილმა დღეს ის ხელშეკრულება გაასაჯაროა, რომლითაც სტადიონის ტერიტორია 25 წლიანი იჯარით აქვს აღებული. დოკუმენტი სტადიონის დემონტაჟს და იქ მშენებლობას კრძალავს.
ავტორები: სოფო ვარდიაშვილი, გიორგი პერტია, გიორგი შეშაბერიძე.