მართლმადიდებელი მრევლი დღეს ქრისტეს შობას აღნიშნავს. ამ წუთებში საქართველოს ტაძრებში საზიმო წირვა აღევლინება. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კი საზეიმო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ატარებს, რომელსაც მრევლთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებიან. ხელისუფლების წარმომადგენელებს შორის არის ახლადდანიშნული პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
დღევანდელი დღესასწაულით მართლმადიდებელი მრევლისთვის 40 დღიანი მარხვა დასრულდა.
იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში იშვა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა.
მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.
ყოველ შობის დღესასწაულზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თითოეული მორწმუნე ადამიანი ღამე სარკმელთან სანთელს ანთებს.