საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ალილოს მახარობლებს პრეზიდენტის სასახლეში ტკბილეულითა და ხილით გაუმასპინძლდნენ. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მისვლამდე ალილოს მონაწილეები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ, სადაც მათ კათოლიკოს-პატრიარქი დახვდათ და დალოცვასთან ერთად ალილოს მახარობლებს საახალწლო ნობათიც გადასცა.
ალილოს მონაწილეებს და სრულიად საქართველოს ახალი წელი პრეზიდენტმაც მიულოცა.
„კიდევ ერთხელ მინდა მთელს საქართველოს მივულოცო ეს მშვენიერი დღესასწაული. დღესასწაული ჩვენი მაცხოვრის შობისა, რომელთანაც კავშირდება ის საოცარი სიყვარული, რომელიც მაცხოვარმა მოიტანა ამ სამყაროში. იმიტომ, რომ მას შემდეგ კაცობრიობა შეიცვალა და ცხოვრობს სიყვარულის, შენდობის, გაგების და პოზიტიური ემოციის დამკვიდრების მცდელობით. ყოველ წელს არის ამის შესაძლებლობა, რომ ამ ძალამ კიდევ ერთხელ გაიღვიძოს ჩვენში და გააძლიეროს ჩვენი ყველაზე ნათელი უნარები და გრძნობები რაც ჩვენ გვაქვს,“ - განაცხადა საქართველო პრეზიდენტმა.
ალილოს მონაწილეთა ჯგუფმა პრეზიდენტისგან მიღებული ძღვენი უკვე შეგროვებულ საახალწლო ნობათს დაამატეს და სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ.