27 ივლისი 2026,   22:15
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროს გურამ დუმბაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისა და შესრულების პროცესში არსებული გამოწვევების ეფექტიან გადაჭრას ემსახურება.

განსაკუთრებით აღინიშნა სამშენებლო მასალების, ტრანსპორტირების, შრომის ანაზღაურებისა და მანქანა-მექანიზმების ღირებულების საბაზრო ღირებულებასთან დაახლოებისა და ფასთა ინდექსაციის მექანიზმის დანერგვის მნიშვნელობა სექტორისთვის, ასევე ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულის როლი, რაც ყველა დაინტერესებულ პირს ბაზრის კვლევის პროცესში მონაწილეობის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, მასშტაბური რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქვეყანაში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც მოქალაქეებს მრავალი წლის განმავლობაში მოემსახურება.

„ქართული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს დაკავშირებული ხარისხთან. არ შეიძლება, კონკრეტული პროექტის განხორციელებიდან რამდენიმე თვეში ან წელში იმავე ინფრასტრუქტურას სჭირდებოდეს რეაბილიტაცია. მას უნდა სჭირდებოდეს მხოლოდ მოვლა-პატრონობა. ჩვენ დავნერგეთ ისეთი სიახლეები, როგორიც არის ინდექსაცია, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სერიოზული მუშაობის შედეგად დადგინდა მანქანა-მექანიზმების, მასალების ფასები, ხელფასები. არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს და ბიზნესს სხვადასხვა ფასი უჯდებოდეს ერთი და იმავე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულის დანერგვის შედეგად, ბოლო ერთ წელიწადში გავასწორეთ ბაზრის კვლევასა და შესყიდვებთან დაკავშირებული არასწორი პრაქტიკა“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მნიშვნელოვან როლს რეფორმების შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში და განაცხადა, რომ რეფორმა სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, კონკურენტულ გარემოში მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქტი, ხოლო კერძო სექტორს სამართლიანი და პროგნოზირებადი პირობებით უზრუნველყოფს.


შეხვედრაზე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სხვადასხვა ინიციატივებზე ისაუბრეს. ლევან ჟორჟოლიანმა კერძო სექტორის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა და მათთან თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა. აღინიშნა, რომ სამშენებლო სექტორის ხელშეწყობისა და სფეროს გაჯანსაღების მიზნით რეფორმები გაგრძელდება.

დღის ამბები