28 ივლისი 2026,   17:02
ვრცლად
"ევრობიუროკრატია იმდენად მიდიოდა სუვერენიტეტის შეზღუდვის გზით, ბოლოს და ბოლოს აქამდე რომ მივიდოდნენ - ეს იყო ფაქტი" - თენგიზ შარმანაშვილი

ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე 12 ქვეყანა შეუერთდა. 

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა. 

„ევრობიუროკრატია იმდენად მიდიოდა სუვერენიტეტის შეზღუდვის გზით, ბოლოს და ბოლოს აქამდე რომ მივიდოდნენ - ეს იყო ფაქტი. ეს ხომ ერთ დღეს არ მომხდარა, წლების განმავლობაში ქვეყნები ჩიოდნენ, რომ ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვა ხდება, ევრობიუროკრატია, რომელიც არავის აურჩევია, თავის ხელში იღებს ისეთ ძალაუფლებას, რომელიც არ შეიძლება წესით მათ ჰქონდეთ და ნელ-ნელა ზღუდავენ თავისი წევრი ქვეყნების სუვერენულ უფლებებს. მათ უნდათ, რომ ეს გადააქციონ რაღაც მართულ კლუბად რაღაცა მიმდინარეობის.

თქვენ ძალიან კარგად გესმით, რომ ევრობიუროკრატია კონკრეტული ძალების ინტერესებს გამოხატავს და ეს მრავალჯერ განუცხადებია და მრავალჯერ გადაუდგამს ასეთი ტიპის ნაბიჯები. მათ შორის, ევროპული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯიც კი.

თუ მაინც მოახერხეს ისეთი ზეწოლა ამ პატარა ქვეყნებზეც, რომ კონსენსუსი შედგა, რომ ამ ქვეყნების უმეტესობამ განაცხადა, რომ ჩემი სუვერენიტეტი არაფერს ნიშნავს და როგორც გინდათ შემზღუდეთ, მაშინ ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგის მომტანი მომავალი დემოკრატიისთვის ევროპაში“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები