ლაგოდეხის მთებში დაკარგული მონადირეები შესაძლოა დაღესტანში იმყოფებოდნენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ 3 ქართველი მესაზღვრეებმა დააკავეს. ახალგაზრდებს სავარაუდოდ გზა აებნათ და დაღესტნის ტერიტორიაზე გადავიდნენ.
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით რუსმა მესაზვრეებმა დაადასტურეს, რომ უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დაკავებული ჰყავთ, თუმცა ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, არიან თუ არა ისინი დაკარგული მონადირეები ცნობილი არ არის.
განსხვავებული ინფორმაცია აქვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს. კახა ჯამბურია ამტკიცებს, რომ დაღესტანის ტერიტორიაზე დაკავებულები კავკასიონზე დაკარგულები არიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი პროცესში ჩართული არ არის და მეზობელ ქვეყანასთან ახალგაზრდების დაბრუნებაზე კომუნიკაცია არ ჰქონია.
3 ახალგაზრდის ძებნის ოპერაცია კავკასიონზე 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.