ბოდიში რეგიონული განვითარების მინისტრმა დიდთოვლობის შედეგად რეგიონებში რამდენიმე ადგილას პარალიზებული მოძრაობის გამო მოიხადა. ნოდარ ჯავახიშვილი შეფერხებების მიზეზად ყინვასთან ერთად ახალი წლის პირველი დღეებთან დაკავშირებით სტიქიის ადგილზე კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლების და ტექნიკის სიმცირეს ასახელებს.
რეგიონული განვითარების მინისტრმა კონტრაქტორი კომპანიების დადანაშაულების შემდეგ განცხადება, მათ მიმართ მოსალოდნელ სანქციებზეც გააკეთა. სანქციების მომხრეა პრემიერმინისტრიც.
გაირკვა, რომ უხვი ნალექის შედეგად ისევ რჩება 100-ზე მეტი აბონენტი, ვისაც დენი ჯერ კიდევ გაუწმენდავი გზის გამო ვერ მიეწოდება, რადგან დაზიანებულ სადენებთან მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია მათ შორის, სადაც უხვი ნალექის მოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგაც გზის გაწმენდა არავის უფიქრია. ქუთაისი-ასპანა-ამბროლაურის დამაკავშირებელი გზაზე ტექნიკა მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ცაგერის ერთ-ერთმა მცხოვრებმა კურიერს იქ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ტელეფონით მოუყვა.
კიდევ ერთი რეგიონი, რის გამოც რეგიონული განვითარების მინისტრს დღეს ბოდიშის მოხდა მოუწია, სამეგრელოა.
ავტორები: ანა წერეთელი, თემურ ვარაზანაშვილი.