თბილისში მცხოვრები აბაშიძეები ამტკიცებენ, რომ ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის, სტამბულში ნაპოვნი ნამუშევარი მათი ოჯახიდან არის წაღებული.
ეკა აბაშიძის თქმით, სურათი მათ ისე გაყიდეს, რომ არც მხატვრის ვინაობა იცოდნენ და არც შეთანხმებული თანხა მიუღიათ ბოლომდე.
ეკა აბაშიძე სურათის შეძენის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მათ სურათის მნიშვნელობა არ იცოდნენ.
„ეს სურათი 15 წლის წინ ჩემმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ, შეიძინა, რომელიც ახლა გარდაცვლილია. როგორც მახსოვს, საკომისიოში იყიდა და მაშინ ამ სურათში 5 ათასი დოლარი გადაიხადა. მას შემდეგ ეკიდა ჩვენთან, სახლში. ვინც კი გვიცნობს, ვინც იცნობს ჩვენს ოჯახს, ეს სურათი ყველამ იცის. კონკრეტულად ავტორს ვერავინ ადგენდა. ხელოვნებათმცოდნეებსაც და სპეციალისტებსაც ჰქონდათ ნანახი და მაგრამ ვერავინ დააზუსტა, მხატვარი ვინ იყო,“ - ამბობს ეკა აბაშიძე.
ის კურიერთან ასევე ყვება, რომ მათ სურათის გაყიდვა 2010 წელს გადაწყვიტეს და შეთანხმებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მიიღეს.
„ბოლო მოლაპარაკებები იყო, დედასთან მოვიდა ორი მამაკაცი. ერთი იყო მალხაზ მახარაძე და მეორე - ზაჰირ გუსეინოვი, აზერბაიჯანელი, მგონი. 2010 წელს 37 ათას დოლარზე შევთანხმდით. სასწრაფოდ გვჭირდებოდა ეს თანხა და ამიტომ. ჩვენ მაშინ 7 ათასი დოლარი მოგვცეს, ტილო წაიღეს და გაქრნენ. ჩვენ ველოდებოდით, რომ მოვიდოდნენ და დარჩენილ თანხას მოგვიტანდნენ და, რომ მივხვდით, არაფრის მომტანები არ იყვნენ, ტელეფონზე რეკვა დავუწყეთ. ჰუსეინოვი სულ გვპასუხობდა, გველაპარაკებოდა, მაგრამ სულ გვატყუებდა,“ - აცხადებს ეკა აბაშიძე.