გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკა აქ რამდენიმე დღეა მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში, მუშებმა პლაჟზე ტონობით ქვა-ღორღი დაყარეს. ისინი ამბობენ, რომ სანაპირო ზოლის 200 მეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა წყლის ნაკადის შესაკავებლად ხდება.
მიმდინარე სამუშაოები გრიგოლეთის მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ისინი აცხადებენ, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო, სამკურნალო თვისებების მქონე სანაპირო ზოლი ზიანდება.
გრიგოლეთის სანაპიროზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია ახორციელებს. მუშები აცხადებენ, რომ ნაპირის ამ ფორმით გამაგრება მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის დაიგეგმა, ვინაიდან შტორმის დროს წყალი დასახლებულ პუნქტამდე აღწევს.
გრიგოლეთის ქვიშაზე ქვა-ღორღის დაყრისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესახებ გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო. ადგილობრივების ინფორმირებისთვის გრიგოლეთში ჩასვლას გეგმავენ სამინისტროდან.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.