20 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ფინანსურმა პოლიციამ ვან დეიკის საქმეზე ხელოვნებათმცოდნეები დაკითხა

ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე ის ექსპერტები დაიბარეს, რომლებმაც ვან დეიკის ტილო შეაფასეს, როგორც უცნობი მხატვრის ნამუშევარი და გასცეს მისი ქვეყნიდან გატანის ნებართვა.

გამოძიება საქმეზე გუშინ საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. ძიება საქართველოდან ნივთის საბაჟო წესებით დარღვევით გატანის მუხლით მიმდინარეობს.

ხელოვნებათმცოდნე დალი ლებანიძე 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა. დალი ლებანიძე და კომისიის სხვა წევრებიც დარწმუნებულები არიან, რომ ტილო ვან დეიკს არ დაუხატავს.

„ეს ნამუშევარი არაფრით გამორჩეული არ იყო. დღესაც ამას ვამტკიცებ და გულით მინდა დაგარწმუნოთ ამაში. ეს არის ძალიან მდარე გემოვნებით შესრულებული ასლი, რაღაც მითოლოგიური სიუჟეტის, რომელიც ალბათ რაღაც მეათეხარისხოვანი სურათია ევროპული სკოლის და იმისგან არის გადმოხატული,“ - აცხადებს დალი ლებანიძე.

დალი ლებანიძე საქმეში ევროპული სპეციალისტების ჩართვას ითხოვს და ამბობს, რომ თურქი ხელოვნებათმცოდნეების დასკვნის მიუხედავად საქმეში ბელგიისა და ჰოლანდიის მხარეც უნდა ჩაერთოს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე ამ დრომდე იმყოფებიან ვან დეიკის ტილოზე დასკვნის გამცემი კომისიის წევრები.

დღის ამბები