20 სექტემბერი 2026,   18:25
ვრცლად
თორნიკე ჭეიშვილი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის პოსტზე: ეს ადასტურებს, რომ "ნაცმოძრაობისთვის", მისი ანასხლეტებისთვის თუ აქტივისტებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს ადამიანის ღირსებას

საზოგადოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდე არ გმობს, მათი აქტივისტის დისკრიმინაციულ პოსტს, რომლითაც დარინა მიქელაძემ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს დასცინა.

"მაინტერესებს, ის ჯუჯა ბავშვები გაიზარდნენ ბოლოს?" - დაწერა მიქელაძემ სოციალურ ქსელში.

ამ არაეთიკური განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარმა ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსა.

მომხდარს საზოგადოებისა და აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ოჯახების მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ამბობენ, რომ მსგავსი ტერმინოლოგია ბავშვების ღირსებას ლახავს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა წამალმა კი, მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

აქტივისტის დისკრიმინაციულ განცხადებას ამორალურს უწოდებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბულინგის გზით პოლიტიკური ქულების მოპოვების ნებისმიერი მცდელობა მორალურ ზღვარს სცდება.

საკითხს აფასებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" და მათი მხარდამჭერებისთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ფასი არ აქვს.

"ეს განცხადება ადასტურებს, რომ "ნაცმოძრაობისთვის", მისი ანასხლეტებისთვის, წარმომადგენლებისთვის, თუ აქტივისტებისთვის არავითარი ღირებულება არ გააჩნია ადამიანს, ადამიანის ღირსებას. ადამიანის ჯანმრთელობა მათთვის შეიძლება გახდეს საქილიკო საგანი. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მათ მსგავს დამოკიდებულებას ვხედავთ. ისინი ყოველთვის გამოირჩევიან ასეთი ტიპის ამორალური და ფსკერს მიღმა გაკეთებული განცხადებებით, დამოკიდებულებით კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფებისადმი.

ჩვენი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საზოგადოების იმედი გვაქვს ამაში, რომ ასეთი ტიპის ძალას არასდროს აღარ მიეცეს შესაძლებლობა, რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს, იმიტომ, რომ შედეგები, ამ შემთხვევაში, ძალიან მარტივად გამოსაცნობია, რა შეიძლება იყოს. ჩვენ ეს გვინახავს "ნაცმოძრაობის" ბარბაროსული რეჟიმის პირობებში, როდესაც ისინი 9 წლის განმავლობაში სწორედ ასეთი ტიპის ამორალური, არაადამიანური, სტანდარტებით მართავდნენ სახელმწიფოს", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

დღის ამბები