ეს არის დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ასე აფასებენ გაზპრომის საწინააღმდეგო აქციის წევრები, რომლებიც სახელმწიფო კანცელარიასთან უკვე ორი საათია ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ლოზუნგით გაერთიანებულმა ადამიანებმა ხელისუფლებას კრემლის უმსხვილეს კომპანიასთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
„გაზპრომის შემოშვება ნიშნავს, რომ ჩვენი საკუთარი ხელით ხელს ვაწერთ რუსეთისთვის საკუთარი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ ჩაბარებას. ეს არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ჩვენ ვერ გავიგეთ ახსნა თუ რა საჭიროა გაზპრომის დაბრუნება ჩვენს ბაზარზე, როდესაც უზარმაზარი ძალისხმევა დაიხარჯა იმისთვის, რომ გაზპრომი განდევნილიყო ჩვენი ქვეყნიდან.“ - აცხადებს საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრი სალომე სამადაშვილი.
აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ საპროტესტო აქცია შედეგს გამოიღებს და ხელისუფლება იძულებული იქნება „უკან დაიხიოს“.
„მთავრობას მოუწევს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება და ასევე აუცილებელია, რომ ქვეყნის გარეთაც და მათ შორის რუსეთშიც ხედავდნენ, რომ საქართველოში გაზპრომის შემოსვლას არ შეეგუება საზოგადოების დიდი ნაწილი", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ელენე ხოშტარიამ.
კანცელარიასთან იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი