"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი, ანა წითლიძე 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებიდან ერთი წლის გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ბრძოლისა და წინააღმდეგობის დღე იყო.
"4 ოქტომბერი იყო ბრძოლის და წინააღმდეგობის დღე, ქართველი ხალხის ერთობის დღე და სწორედ ასეთი ბევრი ბრძოლით მოდის საბოლოო გამარჯვება. ამიტომაც 4 ოქტომბერიც ფასდება ზუსტად ასე, როგორც წინააღმდეგობის დღე, როგორც ბრძოლის დღე. ამიტომაც 4-მა ოქტომბერმა ამ ქვეყანას მოუტანა ის, რომ 4 ოქტომბერს მთელმა საქართველომ ერთიანად რუსთაველზე თქვა, რომ ისინი არ ცნობენ არანაირ ხელისუფლებას," - განაცხადა ანა წითლიძემ.
2025 წლის 4 ოქტომბრიდან ერთი წელი გავიდა. ძალადობრივ მოვლენებს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ იხსენებს და აცხადებს, რომ ერთი წლის წინ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში ჩართული პირები საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ. ხელისუფლების შეფასებით, სწორედ ამ კავშირით აიხსნება ის, რომ ბრიუსელის ოფიციალური პირები დედაქალაქში მომხდარ ძალადობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას დღემდე არ გმობენ. ამ თემაზე გუშინ ვრცელი წერილი და ვიდეომასალა გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, "საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი არჩევნებით და არა შტურმით, რაც ოთხმა ოქტომბერმა დაადასტურა".