"პუტინის რუსეთი" - ამ თემაზე საჯარო ლექცია წაიკითხეს ილიას უნივერსიტეტში ამერიკელმა ექსპერტებმა, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა და სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა.
დევიდ კრამერის და ქეთრინ სტონერის ლექცია რუსეთში და მთლიანად რეგიონში პუტინის რეჟიმით მიღებულ შედეგებზე საუბარს დაეთმო.
მეცნიერები შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალს საქართველოს უფრო მჭიდრო ევროინტეგრაციაში და რეფორმების პროცესის გაძლიერებაში ხედავენ.
„ცხადია, გარანტია არავის აქვს, რომ აგრესიას ყველა შემთხვევაში თავიდან აიცილებს, მაგრამ დემოკრატიულ და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული საქართველო მისი წარმატებული მომავლის საფუძველია,“ - განაცხადა დევიდ კრამერმა.
ქეტრინ სტონერის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ იმსახურებს ადგილს თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროში.
„ახლა აუცილებელია ამ ღირებულებების დაცვა, ამის ინდიკატორად მე თავისუფალი მედია და არჩევნები მიმაჩნია, ასევე სტაბილური პოლიტიკური გარემო რაც თავისთავად ეკონომიკურ პროცესებსაც ახალისებს,“ - აცხადებს ქეთრინ სტონერი.
დღესვე ილიას უნივერსიტეტში კრამერს და სტონერს საპატიო დოქტორების წოდებაც მიანიჭეს.