ეკა ბესელიამ დაპირებული პატიმრების წერილების გამოქვეყნება დაიწყო. პირველი მათგანი დღის ბოლოს ბესელიამ ფოთის მაჟორიტარის ბიუროს facebook-ის გვერდზე განათავსა.
"ვიწყებთ პატიმართა იმ წერილების საჯაროდ გამოქვეყნებას,ვინც მიიჩნევს რომ შეწყალების კომისია უსამართლოდ ექცევა პატიმრებს და ჩვენი კომიტეტისგან ითხოვენ რეაგირებას. რადგან შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად თავს ესხმიან "საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს", გადავწყვიტეთ პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით გავასაჯაროვოთ იმ პატიმართა საჩივრები, ვინც მიიჩნევს რომ ის თავად უსამართლობის მსხვერპლია.იქნებ მათი ხმა მივაწვდინოთ შეწყალების კომისიის თავჯდომარესა და პრეზიდენტს და იქნებ ამის შემდეგ მაინც სათანადო ყურადღება მიაქციონ მათ და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება" ნათქვამია ეკა ბესელიას სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
პატიმრის პირველი წერილი კი, რომელიც ეკა ბესელიამ გაასაჯაროვა, ორჯერ ნასამართლევ ბადრი ანთიას ეკუთვნის. ის წერს, თუ როგორ არ გაითვალისწინა შეწყალების კომისიამ და პირადად ზვიად ქორიძემ მისი მდგომარეობა და თხოვნა გათავისუფლების შესახებ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ წერილზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პატიმრების რამდენიმე ათეული წერილის გამოქვეყნებას აპირებს. მისი მტკიცებით, საუბარია შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელების მაკომპრომიტირებელ მასალებზე.