პროკურორთან შეხვედრამდე ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რის დაყენებასაც ოჯახი უწყებაში გეგმავს. ერთ-ერთი თემა კვლავ გამოძიების მთავარი მოწმე დავით პოპოვია.
ეჭვები პროკურორ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს მას შემდეგ კიდევ უფრო გაუღრმავდა, რაც მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე პოპოვი ჩამწერი აპარატურით მივიდა.
ადვოკატი ნათია კორკოტაძე მიიჩნევს, რომ ის სავარაუდოდ სუს-ის მიერ იყო აღჭურვილი შესაბამისი ჩამწერი აპარატურით.
„მას უნდოდა, რომ მე დამესვა მისთვის შეკითხვები, შემდეგ ამ ვიდეო ფირს მიიტანდა სუს-ის განყოფილებაში, ალბათ და იქ გამოიკვეთებოდა, რომ მე როგორც ადვოკატი, ზეწოლას ვახდენდი მოწმეზე და სავარაუდოდ, ჩემს მიმართ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე,“ - ნათია კორკოტაძე.
დღესვე ადვოკატმა განაცხადა, რომ პოპოვის მიერ დასახელებული გოჩა კუჭავას შესახებ გამოძიებისთვის პირველივე დღიდან იყო ცნობილი.
მისი ინფორმაციით, გოჩა კუჭავამ, რომელიც სავარაუდოდ ამ დროისთვის მოსკოვში იმყოფება, 16 იანვარს, საღამოს დაურეკა ბიძინა კუჭავას მეუღლეს და უთხრა, რომ მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა.
რა ურთიერთობა ქონდა გოჩა კუჭავას დავით პოპოვთან, ამის გარკვევას ადვოკატები დღეს შეეცდებიან.
ისინი ქალაქის პროკურატურაში დღეს 2 საათისთვის მივლენ, სადაც გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაცნობას აპირებენ.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე