შუახნის მამაკაცი დეს თბილისში ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, ის დაავადებული იყო არა H1N1 ტიპის, არამედ სხვა შტამის ვირუსით.
“პაციენტი შემოყვანილი იყო უკიდურესად მძიმე მდგომარებაში. დაფიქსირდა შტამი, იყო H3N2. ჰქონდა ფილტვების ქრონიკული დაავადება, გულის ქრონიკული დაავადება, თირკმლის ქრონიკული დაავადება. რამდენიმე დღის შემდეგ იქნა მოყვანილი პაციენტი ჩვენთან,“ - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსმა დავით აზაიშვილმა.
ვირუსული ინფექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. H1N1-ის დადასტურებული ლაბორატორიული შემთხვევები არის უკვე აჭარაშიც.
„დადასტურებული ლაბორატორიულად A ტიპის H1 ქვეტიპით არის 4 შედეგი მიღებული. მათ შორის ერთი პაციენტი დღეს იმყოფება დამძიმებულ მდგომარეობაში სტაციონარში. ზოგადად 6 პაციენტი არის ბათუმისა და ქობულეთის სტაციონარების რეანიმაციულ განყოფილებაში,“ - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.
ავტორი: ეკა გაგუა.