ბიძინა კუჭავას სხეულიდან აღებულ ფრაგმენტს მაია ნიკოლეიშვილი დღეს შეისწავლის. სამედიცინო ექსპერტმა უკვე დაათვალიერა გარდაცვლილის ცხედარი და დეტალურად შეისწავლა სხეულზე არსებული მდგომარეობა.
თბილისის პროკურატურაში კი დღეს ბიძინა კუჭავას ცოლს და ადვოკატს ელოდებიან, სადაც მათ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და საქმის მასალებს სრულად გადასცემენ.
ბიძინა კუჭავას ოჯახი სამართლებრივი დავის გაგრძელებასაც გეგმავს. როგორც კურიერთან საუბრისას კუჭავები ამბობენ, ისინი სარჩელს საქალაქო სასამართლოში მომდევნო კვირას შეიტანენ.
ასევე გეგმავენ მომავალ კვირას საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას პატივისა და ღირსების შელახვისთვის. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის დაკითხვასაც ითხოვენ და მას უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაში ადანაშაულებენ.
კუჭავას მეუღლე გამორიცხავს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან დავით პოპოვთან მისი მეუღლის ნაცნობობას და აცხადებს, რომ ოჯახსაც აქვს ბევრი კითხვა. ოჯახი კიდევ ერთხელ გამორიცხავს, როგორც კუჭავას მიერ პროკურორ ვახტან ქირიას მკვლელობას, ასევე მის თვითმკვლელობას.
ბიძინა კუჭავა გუშინ დაკრძალეს.