თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოსახლეობამ ნაკვეთების შემოსაზღვრა თვითნებურად დაიწყო.
ადგილზე დღეს თბილისის მერიის ზედამხედველობისა და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი ცდილობდნენ, გაერკვიათ, ვინ დაარწმუნა მოსახლეობა, რომ ქალაქის ხელისუფლება ამ მიწების გაჩუქებას გეგმავდა და, შესაბამისად, ვინ შეიყვანა ისინი შეცდომაში.
ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმრო ჰუალინგსა და მახათას მთას შორის მდებარე ჯერ აუთვისებელი ტერიტორია, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრებაა.
„ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უკვე კერძოა, ნაწილი კი სახელმწიფოს საკუთრებაა. არსებობს კანონი, თუ როგორ უნდა გასხვისდეს ეს ქონებები, მათი ქმედება კი ამ კანონის ფარგლებს გარეთ არის,“ - აცხადებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, კარლო ლაფერაძე.