20 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ინტენსიურმა თოვამ რეგიონებში გადაადგილება შეზღუდა

ინტენსიური თოვის გამო საქართველოს რეგიონებში ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია, ზოგიერთ ადგილებში კი მოქმედებს აკრძალვებიც.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანამხმად ამ დროისათვის ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა აღნიშნული გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

შეზღუდვები შეეხო მლეთა-გუდაურის მონაკვეთსაც, სადაც  ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების  საწინააღმდეგო ჯაჭვების  გამოყენებით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

გარკვეული აკრძალვები დაწესდა დასავლეთ საქართველოშიც. ინტენსიური  თოვის  გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. 

ასევე, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.

 

დღის ამბები