კრწანისის რაიონის გამგებელი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
ლაშა ცაგურიას თქმით, დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები ოჯახები ამ ეტაპზე სასტუმროში არიან გადაყვანილები, შემდგომ კი მათ ქირით უზრუნველყოფენ.
"მოგეხსენებათ, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვუზიარებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მთლიანად საქართველოს. ფაქტთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ კორპუსიდან გადაყვანილი გვყავს 28 ოჯახი სასტუმროში. სასტუმროს შემდეგ მათ გადავიყვანთ ქირით. ამ ეტაპზე, კორპუსის დარჩენილ ნაწილს საფრთხე არ ემუქრება და მცხოვრებლები არიან შესახლებულები შიგნით. ტერიტორია შემოისაზღვრება უსაფრთხოების ღობით", - განაცხადა ლაშა ცაგურია.
6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.