თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის, გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომა ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და დეპუტატებმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სამძიმარი გამოთქვეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.
საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ ამ უდიდეს დანაკლისს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბოლომდე იბრძოლეს, რათა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაერჩინათ.
"მადლობა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა ადამიანს მათი გმირობისა და თავდაუზოგავი შრომისთვის", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.