09 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ქართველების ორგანიზებული ჯგუფი გერმანიაში ოქროს ქურდობისთვის დააკავეს

6 ქართველი გერმანიის პოლიციამ ქალაქ კიოლნში, დაახლოებით 100 ათასი ევროს ღირებულების ოქროს ქურდობისთვის დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული ონლაინ მედია www.mobil.express.de ავრცელებს.

მაღაზიის იატაკი ქურდებმა სარდაფიდან გაჭრეს, რომელშიც მეზობელი შენობიდან სპეციალურად გათხრილი გვირაბით მოხვდნენ.  მათ მაღაზიის მთლიანი დახლი დაცალეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დამნაშავეები სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის 29 წლის ხელმძღვანელის სახლში იმ დროს დაიჭირეს, როდესაც ისინი ნაქურდალის ღირებულებას ითვლიდნენ.

პოლიციის მისვლისას მათ ოქრო აივნიდან გადაყარეს. დამნაშავეების დაპატიმრების შემდეგ პოლიცია ადგილზე მივიდა და ბუჩქებიდან, რომლის მოჭრაც აუცილებელი გახდა, მთლიანობაში 6 კგ ოქრო ამოიღო.

დანაშაულებრივი ჯგუფი გერმანიის პოლიციისთვის აქამდეც ცნობილი იყო. ამავე მაღაზიაში შეჭრის მცდელობა დაკავებულ პირებს პირველად 2 კვირის წინ ჰქონდათ, როდესაც გეგმის განხორციელება სამკაულების მაღაზიაში სახურავიდან სცადეს, მაგრამ წარუმატებლად. მეორე მცდელობისას კი ჯგუფის წევრებმა ნაქურდალის მხოლოდ ერთი დღით შენარჩუნება შეძლეს. ისინი ძარცვიდან მეორე დღესვე დააკავეს. 

ქართველი დამნაშავეები საიუველირო მაღაზიის ქურდობის გარდა, კიდევ 5 სამართალდარღვევაზე აგებენ პასუხს.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ იარაღი ვერ აღმოაჩინა, რადგანაც ორგანიზებული დანაშაული დაზარალებულთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე იყო ჩადენილი.

დღის ამბები