09 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
პეტრო პოროშენკო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ უკრაინაში თანამდებობების დაკავების პრიორიტეტებს განმარტავს

“ამჟამად ჩვენ გვეხმარებიან უცხოელი კონსულტანტები, თუმცა ეს ცოტაა. ჩემი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კანონის ცვლილების საფუძველზე, სახელმწიფო სამსახურში, მათ შორის მთავრობაში, თანამდებობების დაკავება უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა შეძლონ,” - ეს განცხადება პეტრო პოროშენკომ უკრაინის რადაში გააკეთა.

ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლებელია გაფართოვდეს ის ჯგუფი, რომლისთვისაც უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭება შეეძლება. პოროშენკოს თქმით, ასეთი გადაწყვეტილებით უკრაინა ორმაგ სარგებელს ნახავს. მოიზიდავს დასავლური გამოცდილების პროფესიონალებს და თავს დაიზღვევს კორუფციისგან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე უკრაინული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე შესაძლოა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენპროკურორი, ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს. „უნიანის“ ინფორმაციით, ეს საკითხი საკუთარი ფრაქციის სხდომაზე პრეზიდენტმა პოროშენკომ დააყენა და ის ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. „ლიგა ნეტი“ კი წერს, რომ ადეიშვილს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა შესთავაზეს.

ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანთა შორის კიდევ ერთი ქართული გვარი სახელდება. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე. მისი კანდიდატურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე განიხილება.

„ლიგა ნეტი“ ასევე წერს, რომ ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის კანდიდატურა დასახელდა, თუმცა მან უარი თქვა. პოროშენკოს ბლოკი კონკრეტულ გვარებს ამ დრომდე არ ასახელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაძლოა ახალ მთავრობაში უცხო ქვეყნის ხუთამდე მოქალაქე იყოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები