03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
აზარტული თამაშების ბიზნესის პოლიტიკური ინტერესები

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აზარტული თამაშების ბიზნესის შესახებ მომზადებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, აზარტული თამაშები საქართველოში ძალიან პოპულარულია და ბაზარზეც კარგად არის წარმოდგენილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესი საქართველოს ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

კვლევის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულობებსაც ურიცხავენ. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2013 წელს მოხდა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ „საქართველოს ლატარიის კომპანიისგან“ 20 ათასი ლარი მიიღო.

პარტიისთვის შემოწირულობა ლევანი ჩიკვაიძემ შეიტანა, რომელიც ამავე დროს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორიცაა.

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ სათამაშო ბიზნესში ერთადერთი კომპანიაა, სადაც წილებს (70 პროცენტს) „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით სახელმწიფო ფლობს.

„ქართული ოცნების" მსგავსად, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლების შემოწირულობები დასტურდება პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთანაც". საარჩევნოდ ახლა უკვე ოპოზიციურმა პარტიამ 3 შემოწირულობა სწორედ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებისგან მიიღო.

კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" წარმოადგინა, სხვა მაჩვენებლებსაც შეიცავს. კერძოდ, კვლევის მიხედვით, სათამაშო ბიზნესმა საქართველოში ფეხი 2011 წლიდან მოიკიდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თანხობრივად კი 2013 წელს დადასტურდა, თუმცა წელს მნიშვნელოვანი კლებაა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შემოსავლებმა 105 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 1.4 პროცენტს შეადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები