„უზენაეს სასამართლოს დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა უდგას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს 5 სექტემბერს, ეს უახლოეს საქართველოს ისტორიაში მთავარი განმსაზღვრელი იქნება სასამართლოსადმი ნდობის ან არნდობისა,“- ამის შესახებ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.
მშვენიერაძის თქმით, მთავარია სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა ის წარმოებაში რუსთავი 2-ის საქმეს.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, უზენაესმა სასამართლომ შესაძლებელია და არის შესაბამისი პრაქტიკა, რომ ღია სასამართლოს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საქმის დასაშვებობა.
"ფაქტობრივად ყველა წინაპირობა არსებობს, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, აღნიშნული საქმე არსებითად განსახილველად მიიღოს,“- განაცხადა მშვენიერაძემ.
გიორგი მშვენიერაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებაც ისაუბრა.
„დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა და მეტ-ნაკლებად გამოუვიდა, რომ ეს სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუცია გამქრალიყო საქართველოში, ხელისუფლებამ სასამართლოს პარალიზება მოახდინა. მან ყველა გზა გამოიყენა, სანამ ავადსახსენებელ საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელებდა,“- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.