თინა ხიდაშელმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი სამარცხვინო სასამართლო არასოდეს ყოფილა.
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მე ღიმილის გარეშე ვეღარ ვსაუბრობ, ამ სასამართლოს ასეთი ბედისწერა დაყვა მისი დაარსების დღიდან, თუ რამდენიმე პირველ წელს გამოვრიცხავთ. ყველა ხელისუფლება მანიპულირებდა საკონსტიტუციო სასამართლოთი. ასეთი სამარცხვინო საკონსტიტუციო სასამართლო არასოდეს ყოფილა, ის იყო გაუბედავი, პოლიტიკურად მიკერძოებული, მონობის პრინციპით მოქმედი, მაგრამ დღეს ის არის სამარცხვინო. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში კვორუმი არ დგება, როდესაც მოსამართლეების ერთი ჯგუფი მეორეს პრესკონფერენციებიდან განცხადებებით ესაუბრება, მანტიას იხდიან და პრესკონფერენციებს ატარებენ, ამაზე დიდი სახელმწიფოებრივი სირცხვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში, ძნელია დაგემართოს,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.
„როდესაც არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და მედიასაშუალება სწორედ ასეთია, განსაკუთრებით ქვეყანაში პოპულარული მედია, იმის მიუხედავად, შენ რა დამოკიდებულება გაქვს ამა თუ იმ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, არ შეიძლება ასეთი საქმეები დახურულ კარს მიღმა იხილებოდეს,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.