19 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
სკანდალური დოკუმენტი "რუსთავი 2-ის" შესახებ - რას გეგმავს "ტელეკომპანია საქართველოს" ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი

„ქიბარ ხალვაშს არათუ წილების მიღების, არამედ მოთხოვნის უფლებაც არ ჰქონდა. ის იყო და რჩება დავალებების შემსრულებელ პაიკად,"-ასე აფასებს ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატი, ზაზა ბიბილაშვილი პოსტსკრიპტუმის მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტს, რომლის თანახმად დგინდება, რომ ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მფლობელი არასდროს არ ყოფილა. 

ბიბილაშვლის თქმით მათ ჰქონდათ ინფორმაცია ამ დოკუმენტზე და პირველ ინსტანციაში მოითხოვეს ოქრუაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა, რაზეც უარი მიიღეს.

დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ხვალ დილას უზენაეს სასამართლოს მიაწვდის, სადაც ტელეკომპანიის საკასაციო სარჩელების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

ბიბილაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ გარკვეულმა წრემ ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ თავიდანვე იცოდა. 

„ეს იცოდა ივანიშვილმა, ოქრუაშვილმა ხალვაშმა, ეს იცოდა ურთმელიძემ, ახლა ეს იცის მთელმა საზოგადოებამ,“-აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ირაკლი ოქრუაშვილი გააფრთხილა და ურჩია თავს გაუფრთხილდეს.

"მეგობრული რჩევა და თხოვნა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, რომ გაუფრთხილდეს საკუთარ თავს და გააცნოს საზოგადოებას ის ფაქტი, რომ მას განსაკუთრებით ფინანსურ ნაწილში პრობლემები არ აქვს,"-აცხადებს ბიბილაშვილი. 

დღის ამბები