19 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
აბსურდული სასამართლო დავა - ადვოკატები დღეს უზენაეს სასამართლოში სკანდალურ დოკუმენტს მიიტანენ

რუსთავი 2-ის ადვოკატებს დღეს უზენაეს სასამართლოში მიაქვთ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც, მათი მტკიცებით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა აბსურდული ხდება.

საუბარია ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წლის გერმანიაში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავად აღიარებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

„ქიბარ ხალვაშის პრეტენზიები რუსთავი 2-ზე არის სამართლებრივად აბსოლუტურად უსაფუძვლო და მათი დაკმაყოფილება შეუძლებელია თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ სასამართლო არ იყო რეალურად სასამართლო. ნებისმიერ ვითარებაში, ოდნავ დემოკრატიული სასამართლოს პირობებშიც, ეს სარჩელი ვერ იქნებოდა დაკმაყოფილებული, მაგრამ ამ დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, ქიბარ ხალვაში საერთოდ ფორმალურად პრეტენზიის წარმდგენიც ვერ იქნება, იმდენად რამდენადაც, როგორც ამ დოკუმენტიდან იკვეთება, რუსთავი 2 მისი არასდროს ყოფილა. ის იყო ფიქტიური მესაკუთრე, წარმოადგენდა მხოლოდ სახელს და გვარს და ფარავდა რეალურად სხვა მესაკუთრეს. ისევე როგორც დღეს წარმოადგენს მხოლოდ სახელს და გვარს და ფარავს სხვა მოსარჩელეს ბიძინა ივანიშვილს,“- არხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დოკუმენტში მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელითა და მეშვეობით შეძენილ იქნა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100%-იანი წილი.

„აქედან კიდევ ერთხელ ჩანს რომ ეს ადამიანი 10 წლის წინაც პაიკი იყო და დღესაც პაიკია, როგრც ჩვენ ამას ვამბობთ, უბრალოდ დღეს სხვა ადამიანის ხელში არის პაიკი. ეს ადამიანი ბუნებრივია არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ წარვადგენთ ამ დოკუმენტს უზენაეს სასამართლოში და ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ უზენაეს სასამართლოს სხვა გზა არ გააჩნია, რომ დასაშვებად ცნოს ჩვენი საკასაციო საჩივრები,“- აღნიშნა ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.

ხელშეკრულების მიხედვით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში ქიბარ ხალვაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით.

"შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთან შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს," - წერია დოკუმენტში.

ხელშეკრულების აუთენტურობას ადასტურებს ირაკლი ოქრუაშვილი. ის უახლოეს პერიოდში ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები