„ჩვენ ვცდილობთ, რომ არ ჩავერიოთ ჟურნალისტიკაში, ჟურნალისტების სწორი თუ არასწორი განცხადებები, მოწოდებული ინფორმაცია ძალიან დელიკატურად ან სულ არ შევაფასოთ, თქვენ მაიძულებთ, გინდათ ძალიან, რომ მე სასამართლოს გადაწყვეტილება შევაფასო. დაუკვირდით, დაუკრეფავ ბოსტანში ხომ არ გადავდივართ,“- ეს განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააკეთა.
რუსთავი 2-ის საქმეში ახალი დოკუმენტის გამოჩენაზე პირველ კომენტარს აკეთებენ მთავრობის წევრები. მათ სასამართლოს კომპეტენციის შეფასება არამართებულად მიაჩნიათ.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, არის შესაძლებლობა, რომ სასამართლოს ფარგლებში, სასამართლოს დარბაზში მოხდეს მსჯელობა, კამათი.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადება განათლების მინისტრმაც გააკეთა.
"საკუთრებრივი დავაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისთვის, იმედი მაქვს, რომ იქნება შემოწმებული ახალი მტკიცებულებები და მომავალში გათვალისწინებული,“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
„არ ვფლობ ინფორმაციას, გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეებით ვარ დაკავებული, ვიდრე კითხვა, რომელსაც თქვენ მისვამთ,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.