დღეს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო სარჩელის დასაშვებობაზე განხილვა დაიწყო. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ასევე უცნობია გაითვალისწინებს თუ არა კოლეგია ახალ შუამდგომლობას, რომლითაც ტელეკომპანიის იურისტებმა დღეს მიმართეს სასამართლოს. ახალი შუამდგომლობით, რუსთავი 2 საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვას ითხოვს. საუბარია ახლად აღმოჩენილ დოკუმენტზე, რომელმაც კომპანიის ირგვლივ მიმდინარე დავა შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს.
დოკუმენტი რუსთავი 2-მა გუშინ მოიპოვა. ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმება 2010 წლის თებერვალში, ბერლინში გაფორმდა. 5 პუნქტიანი შეთანხმებით ქიბარ ხალვაში აღიარებს, რომ რუსთავი 2-ის მფლობელი არასდროს ყოფილა, ტელევიზიის ყიდვისას საკუთარი ფული არ გადაუხდია და შესაბამისად, არც არანაირი უფლება არ აქვს კომპანიასთან დაკავშირებით.
ირაკლი ოქრუაშვილი ბერლინის შეთანხმების ნამდვილობას ადასტურებს და ამბობს, რომ ყოფილი პარტნიორის ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.
ქიბარ ხალვაში ოქრუაშვილს სოციალური ქსელით პასუხობს, არსებულ შეთანხმებას ფაბრიკაციას უწოდებს, ოქრუაშვილს კი ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებს.
რუსთავი 2-ის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება დამატებითი არგუმენტი იქნება უზენაესი სასამართლოსთვის. არხის გენერალური დირექტორის განცხადებით სამართლიანი სასამართლოს პირობებში მოსამართლეებმა ახალი მტკიცებულება უნდა გაითვალისწინონ და მოთხოვნის შესაბამისად საქმე განსახილველად ქვემდგომ ინსტანციას დაუბრუნოს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.