"რუსთავი2-ის მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, 1 200 000 ჩემი ფული გადავუხადე," - ეს განცხადება დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი2-ის საქმის შესახებ გააკეთა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმ მოლაპარაკებების დეტალებს იხსენებს, რომელიც წლების წინ სამაუწყებლო კომპანიის წილების გაყიდვას ეხებოდა. ოქრუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ პროცესში ქიბარ ხალვაში მაშინ ნომინალური ფიგურა იყო.
ამ სტატუსს ის დოკუმენტიც ოფიციალურად ადასტურებს, რომელიც 3 დღის წინ გასაჯაროვდა და, რომლის მიხედვითაც, ხალვაში რუსთავი2-ის რეალური მფლობელი არასდროს ყოფილა. ეს დამატებითი გარემოებაა, რომელიც უზენაეს სასამართლოში რუსთავი2-ის იურისტებმა უკვე წარადგინეს.
რაც შეეხება თავად კოლეგიას, რომელმაც რუსთავი2-ის საკასაციო სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელოს, მოსამართლეები უკვე ორი დღეა, თათბირობენ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
მოსამართლეთა კოლეგიას დღეს სამაუწყებლო კომპანიის დირექტორმა მიმართა.
"ის, რასაც უზენაესი სასამართლო აკეთებს, არის ტერორი რუსთავი2-ის თანამშრომლების და მისი მაყურებლების მიმართ," - გვარამია მოუწოდებს მოსამართლეებს დროულად მიიღონ განცხადება.
გვარამიამ ეს განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე სამაუწყებლო კომპანიაში გააკეთა, სადაც მან, კომპანიის იურისტებთან ერთად, რუსთავი2-ის საქმის დეტალები ჟურნალისტებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნო.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე