რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ინფორმაცია, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე ივანე ზარდიაშვილი ქართული ოცნების სიაშია, დადასტურდა.
გვარამიამ ზარდიაშვილის შესახებ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი პირია, რომელიც ზეწოლას ახდენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის შუამავალია ხელისუფლებასთან.
ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიას განცხადებას პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ზარდიაშვილი ოცნების საარჩევნო სიაში არის.
"ივანე ზარდიაშვილი არის საარჩევნო სიაში. ნიკა გვარამია ბევრ განცხადებას აკეთებს და მისი განცხადებები ყველანაირ ჩარჩოს სცდება,"- აღნიშნა კობახიძემ.
ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ საუბარი არ ისურვა ქართული ოცნების საარჩევნო სიის წევრმა თამარ ჩუგოშვილმაც. ის ამბობს, რომ ისურვებდა, რომ ქვეყანაში მუდმივად იყოს კრიტიკული მედია.
"ზოგადად გამოხატვის და მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მედიის თავისუფლების ხარისხით საქართველოში მდგომარეობა არის საუკეთესო, აქამდე რაც გვქონია. ვისურვებ, რომ თქვენ იყოთ კრიტიკული არხი, რომელიც გამოწვევებს უყენებს ხელისუფლებას, ეს აჯანსაღებს მდგომარეობას,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.