19 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობა"- ნინო გოგუაძე მოსამართლეთა ზეწოლაზე საუბრობს

მოსამართლეების ზეწოლის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებას იზიარებენ ოპოზიციაში. თავისუფალი დემოკრატების თქმით, ე.წ. კაბელების საქმეშიც გამოჩნდა, რომ ხორციელდება ზეწოლა.

„ეს არის სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობა. ეს ინსტიტუცია პრაქტიკულად გააუქმეს. ხელისუფლების ინტერესებში იყო, რომ ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული. ამ ინსტიტუტს შეუტიეს, როგორც კანონმდებლობის მეშვეობით, ისე მოსამართლეებს,“- აღნიშნავს ნინო  გოგუაძე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, სასამართლომ მისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს, რაც აზიანებს ქვეყანას.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ინტენსიური ზეწოლა და მოსამართლე ურთმელიძე ამის თვალსაჩინო მაგალითია. ახლა მოსამართლეებზე ზეწოლა განპირობებულია იმით, რომ როგორმე შეაჩერონ რუსთავი 2-ის მაუწყებლობა, რაც ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს საქართველოში,“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი ნუგზარ წიკლაური.

უმრავლესობაში მსგავს ბრალდებებს აბსურდულად აფასებენ. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციები, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლას ეხებოდა, არასდროს დადასტურებულა.

„ბოლო დროის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი განცხადება ვნახეთ, როდესაც ვიღაცის ზეწოლებზე საუბრობენ, შემდეგ არ დასტურდება და თვითონვე უარყოფენ ხოლმე რიგ შემთხვევებშიც, თუმცა როდესაც გაიგო ადამიანმა, რომ ქართული ოცნების  სიაში მოხვდა კონკრეტული წევრი, შემდეგ ამ ნიუსზე ააწყო ახალი პიარკამპანა ქართული ოცნების საწინააღმდეგო. ეს არ მგონია კარგი საქციელი,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები