რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები ქვედა ინსტანციის შემთხვევაშიც ხორციელდებოდა, ამიტომ ნიკა გვარამიას განცხადება სარწმუნო იქნება.
„საზოგადოებას ახსოვს მოსამართლეებზე ზეწოლები, მათი ოჯახის წევრებზე მიმდინარე გამოძიებები, დოკუმენტების სრული იგნორირება, პროცედურული ომი, შემჭიდროვებულ ვადებში გადაწყვეტილებები, დარღვევები, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ დღემდე სასამართლოს სისტემა იყო ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ, ის ინფორმაცია, რომელიც გუშინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა გააჟღერა, მაღალი ალბათობით, სარწმუნოა. ისევე, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოები, უზენაესი სასამართლოც ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ იმყოფება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხელისუფლების გავლენა შეინიშნებოდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ წინა ინსტანციების შემთხვევაში, სახელისუფლებო გავლენა იყო გამოყენებული, უზენაესთან ჯერჯერობით ვერ გეტყვით, საბოლოო გადაწყვეტილება სანამ იქნება, გამიჭირდება, ვთქვა, გამორიცხული არაფერი არ არის,“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობაში უმცირესობისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.
„გამოვა ნიკა გვარამია, დღეს ზარდიაშვილს ამბობს, ხვალ სხვა გვარს დაასახელებს, ყოველ წუთში ამ განცხადებებზე, რაც მას ახასიათებს, არ მგონია, პასუხების გაცემა სწორია. თუ დამადასტურებელი მასალა გააჩნია, უნდა წარმოადგინოს და აფიშირება გაუკეთოს, თუმცა მთავარ თემაზე არასდროს არ საუბრობს, რატომ არიან მართლები ყარამანაშვილები და რატომ უნდა სასამართლოს დაჩაგროს,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.