მერაბ ტურავა რუსთავი 2-სა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ სანამ სარჩელების შეცვლასთან დაკავშირებით პლენუმი არ იმსჯელებს, გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.
ტურავას თქმით, ტელესიუჟეტებით მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.
„იმ ვითარებაში როდესაც, საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მიმართ არის კრიტიკა, განსაკუთრებით თქვენი ტელევიზიის მიერ, სხვადასხვა ტელესიუჟეტის მიძღვნა, ასეთ ვითარებაში მოსამართლისთვის შეიძლება ძნელი იყოს გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ტელევიზიები ამა თუ იმ მოსამართლის ობიექტურობაზე, მიუკერძოებლობაზე უწყვეტ რეჟიმში საუბრობენ, ცდილობენ, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენონ, ასეთ ვითარებაში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოების მიერ იქნება აღქმული, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის ძნელი. ნებისმიერ ტელეკომპანიას ვთხოვდი, რომ იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას ღებულობს შეიკავონ თავი,"- აცხადებს მერაბ ტურავა.
მან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ სხდომებზე არგამოცხადების მიზეზებზეც ისაუბრა. ტურავას თქმით, მოსამართლეებზე სხდომაზე არდასწრების მიზეზი ექნებოდათ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არის ობიექტური.
გიორგი პაპუაშვილის თქმით კი, ის სასამართლო პროცესს დაუყოვნებლივ ჩანიშნავს, როდესაც მოსამართლეების სათანადო რაოდენობა უზრუნველყოფილი იქნება, რომლებიც სხდომაზე გამოცხადებას უზრუნველყოფენ.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.