პოსტსკრიპტუმმა ცნობილი ფრანგი ექსპერტის, კატრინ მანგოს მიერ გაცემული დასკვნა მოიპოვა, რომლითაც რუსთავი 2-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ნამდვილობა დასტურდება.
ირაკლი ოქრუაშვილმა 2015 წლის დეკემბერში ქიბარ ხალვაშთან გაფორმებული შეთანხმების ნამდვილობის დასადგენად ექსპერტს მიმართა.
დოკუმენტის ტექნიკურ დასკვნაში წერია:
"ხელმოწერა, რომელიც ბ-ნ ქიბარ ხალვაშის სახელთან ფიგურირებს, 2010 წლის 4 თებერვლით დათარიღებულ კონტრაქტზე, ანუ მოთავსებულია მარჯვნივ ქვევით, ეკუთვნის (შესრულებულია) იმავე ავტორს, რაც მოწოდებული შესადარებელი ხელმოწერების ავტორს, ანუ ბ-ნ ქიბარ ხალვაშს.
ექსპერტი კატრინ მანგო ცნობილი ფრანგი გრაფოლოგია, ის ამოწმებს პარიზიის სააპელაციო სასამართლოში შესულ დოკუმენტაციას და მას გააჩნია საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის სერტიფიკატი.
ექსკლუზიურად პოსტსკრიპტუმს ირაკლი ოქრუაშვილმა კიდევ ერთი დოკუმენტი გადასცა. ხალვაშისადმი მიწერილ ოფიციალური წერილში ის წერდა, რომ მას არ ჰქონდა უფლება დაეწყო დავა რუსთავი 2-თან დაკავშირებით და ქიბარ ხალვაშის ქმედებები იყო უკანონო.
„წინამდებარე წერილი ჩათვალეთ „შეთანხმებიდან“ გამომდინარე ოფიციალურ გაფრთხილებად. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეტყობინების გამოგზავნიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ოფიციალურად და წერილობით არ დამიდასტურებთ "რუსთავი 2-ის" 100%-იანი წილის ჩემდამი გადმოცემის ვალდებულებას და მზაობას. აგრეთვე ჩემთან შეთანხმების გარეშე აღარ განაგრძობთ აღნიშნულ საკითხში მოქმედებებს, იძულებული ვიქნები ავამოქმედო „შეთანხმების“ მესამე პუნქტი,“- აღნიშნულია წერილში.
გარდა ამისა პოსტსკრიპტუმს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა ტელეკომპანია იბერიის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ 2015 წლის 24 თებერვალს მიცემული ჩვენება. ჩვენებაში ოქუაშვილი წერს, რომ მასთან 2004 წელს, ზუსტად იმავე პერიოდში, როდესაც ქიბარ ხალვაშის სახელზე რუსთავი 2 გადაფორმდა, მივიდა ქიბარ ხალვაში და ტელეკომპანია იბერიის საკონტროლო პაკეტის გადაფორმება მოსთხოვა.
„2004 წლის თებერვლის ბოლოს, რიცხვი არ მახსოვს, წინასწარი შეტყობინებით ტელევიზიის ოფისში მოვიდა ქიბარ ხალვაში, რომელსაც ადრე არ ვიცნობდი და ვხედავდი პირველად. მის მოსვლას შეესწრო ჩემი რამდენიმე თანამშრომელი. იგი კაბინეტში შემოვიდა, საკმაოდ მორიდებულად და თქვა, სიზმარშიაც ვერ ვნახავდი იმას, რომ თქვენთან მოვიდოდი ამ მისიით, რადგანაც ჩემთვის იყავით მისაბაძი და სამაგალითო წარმატებული ბიზნესმენი, მაგრამ რა ვქნა, დღეს ასეთი მისია მაქვსო. მიუხედავად იმისა, გამაფრთხილეს, მისი ხასიათის გამო მძიმე იქნება შენთვის მოლაპარაკებაო, იძულებული ვარ გითხრათ, რაც დამავალესო. ქიბარ ხალვაშმა მითხრა, პირადად მოსული ვარ ირაკლი ოქრუაშვილისგან, რომელიც იმ პერიოდში იყო გენერალური პროკურორი, ვარ მისი ძალიან ახლობელი, ბიზნესპარტნიორი და მეგობარი. ჩვენ ისიც ძალიან გაგვიკვირდა და პირადად ირაკლი ოქრუაშვილს ძალიან გაუკვირდა, რომ ასეთი ძლიერი პროტესტი იყო მთავრობის მიმართ თქვენი მხრიდანო. მაშინ, როცა ასეთი საკითხები უპრობლემოდ გვარდება დღევანდელ დღესო. კერძოდ, კიდევ ერთხელ ვფრთხილობ თქვენი პიროვნებიდან გამომდინარე, მაგრამ უნდა გადმოგცეთ მათი შემოთავაზება. შემოთავაზება არის 51% - 49%-ზე და ტელევიზიის პირადად ჩემზე გადმოფორმება. მე ვუთხარი, რომ ასეთ შემთხვევაში საკონტროლო პაკეტი მათ ხელში იქნებოდა და გადაწყვეტილებების არანაირი უფლება და საშუალება აღარ მექნებოდა და, შესაბამისად, აღარ იქნებოდა არავითარი გარანტია, რომ გაგრძელებულიყო და ეარსება ბიზნესს. საკონტროლო პაკეტის საკითხს რამდენჯერმე დავუბრუნდით. მან შემომთავაზა, რომ შეეძლო დაერეკა გენერალურ პროკურორთან ირაკლი ოქრუაშვილთან და პირადად დავლაპარაკებოდი, რომ დავრწმუნებულიყავი. ქიბარ ხალვაშს ფაქტიურად დავშორდით უარით, შეთანხმების გარეშე,“- ნათქვამია დოკუმენტში.
ავტორი: ნოდარ მელაძე.