საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის სრულყოფილად განახლების აუცილებლობაზე საუბრობენ მესამე სექტორში. იურისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და უნა იყოს უზრუნველყოფილი მართლმსაჯულების უწვეტობა.
"ჩვენი მთავარი გზავნილი და მოთხოვნაც არის ის, რომ სასამართლომ შეასრულოს მისი მთავარი ფუქცია, ეს არის მართლმსაჯულების უწყვეტობა იყოს უზრუნველყოფილი. მიუხედავად იმ კითხვებისა, რომელსაც შეიძლება ცალკეული მოსამართლეები სვამდნენ,"- განაცხადა EMC-ის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სასამართლოს მუშაობის შეფერხება პარლამენტის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებულმა კანონმა გამოიწვია.
"სახეზეა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფერხება ეს მოსალოდნელიც იყო მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა. ასევე ამას ემატება, რომ სასამართლოს მოსამართლეები ამა თუ იმ სხდომაზე არ შედიან და არ ესწრებიან სხდომებს,"- აცხადებს იურისტი ეკატერინე ციმაკურიძე
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში ფიქრობენ, რომ პროცესების შეფერხება როგორც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლამ, ასევე სასამართლოს შიგნით მოსამართლეთა ჯგუფის ქმედებებმა გამოიწვია.
"გახმაურებული საქმეების ზედმეტი პოლიტიზება მოხდა, ამის გამო სასამართლომ დიდი დარტყმა მიიღო, ამას ხელი შეუწყო ხელისუფლებამ და იმ ცალკეულმა ჯგუფმა, რომელიც სასამართლოს პარალიზებას ახდენს. დაუშვებელია სამუშაო დროს, სრულიად სხვა ქალაქში, სრულიად არასამუშაო გარემოში იმყოფებოდე და ამ დროს საქმის განხილვა ვარდებოდეს,"- აცხადებს გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი გიორგი გვილავა.