19 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
საქართველოს სახალხო დამცველი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიასა და პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს შორის სატალეფონო საუბრის გავრცელების ფაქტს და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიოს ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოებისა თუ გავრცელების როგორც ეს, ასევე წარსული შემთხვევები.

"2016 წლის 14 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ასახულია სატელეფონო საუბარი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიასა და პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს შორის. ასეთი შემთხვევები მძიმედ აღიქმება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯანსაღი მედიაგარემოსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების განმაპირობებელი ფაქტორების არსებობა.

"სამწუხაროა, რომ წინა შემთხვევების დაუსჯელად დატოვება ახალისებს ყოველ მომდევნო ინციდენტს. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ უკვე 187 დღე გავიდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებიდან, თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ არ არის გამოვლენილი და დასჯილი ყველა ის პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის აღნიშნულ დანაშაულში, განსაკუთრებით ვიდეო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით.

"საგამოძიებო ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოებისა თუ გავრცელების როგორც ეს, ასევე წარსული შემთხვევები და შესაძლებლობის ფარგლებში, საზოგადოებას დროულად აცნობოს მის მიერ მიღებული ზომებისა და გამოძიების შედეგების შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველი ამ შემთხვევაშიც განახორციელებს მონიტორინგს ზემოაღნიშნული ფაქტების გამოძიების მიმდინარეობაზე," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები