19 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის ისტორია

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, წინააღმდეგ ზეწოლამ, შანტაჟმა, მუქარამ, ხან მოწმის და ხან ბრალდებულის სტატუსით დაბარებებმა ძალოვან უწყებებში სისტემატიური ხასიათი 2012 წლის შემდეგ მიიღო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ ძალოვანმა უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. აღმკვეთი ღონისძიების განმხილველ სასამართლო სხდომაზე კი 2-თვიანი პატიმრობა მოითხოვა. მიზეზად პროკურორმა გვარამიას ინტელექტუალური შესაძლებლობები დაასახელა.

პროკურატურის მიერ მოყვანილი ფაქტები სასამართლოსთვის არც წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად და არც საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად დამაჯერებელი არ აღმოჩნდა და ნიკა გვარამია წაყენებულ ბრალში სრულად გამართლდა.

სავარაუდოდ, ძალოვანმა უწყებამ ახალი ფაქტების მოძიების მიზნით თვალთვალის რეჟიმზე გადასვლა გადაწყვიტა. 2014 წლის მაისში ნიკა გვარამიას და მისი მოადგილეების სამუშაო კაბინეტებში სათვალთვალო ვიდეოკამერები აღმოაჩინეს.

გამოძიებას ფაქტზე დაიწყო, თუმცა თითქმის 4 წლის შემდეგაც საგამოძიებო უწყებას პასუხი, ვინ დაამონტაჟა რუსთავი2-ის შენობაში სათვალთვალო კამერები და რა მიზნით, არა აქვს.

მალევე რუსთავი2-ის გარშემო სასამართლო დავა დაიწყო. იურისტი გვარამია მოდავე მხარისთვის მთავრი წინაღობა აღმოჩნდა.

საქმიდან ჩამოშორების შესახებ ხელისუფლების მოთხოვნა ნიკა გვარამიას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ალექსი ახვლედიანმა, გადასცა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს ოჯახის წევრების უსაფრთხოებით და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრნენ.

მალევე უკრაინული ვიკილიქსის საიტზე, რომელსაც, როგორც გაირკვა, უკრაინასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და ის რუსეთში იყო დარეგისტრირებული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის სატელეფონო საუბარი გავრცელდა.

კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი ნიკა გვარამიას მონაწილოებით მიმდინარე კვირას გამოქვეყნდა. მასალა აიტვირთა რუსულ საიტზე და შემდეგ რამდენიმე ქართულმა სააგენტომ, რომლებიც ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩევიან, გაასაჯაროვა.

ამჯერად ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ესაუბრება. გამოძიება ამ საკითხზეც დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა გასული მაგალითების გათვალისწინებით, საზოგადოებაში მისი შედეგიც კითხვებს აღარ ბადებს.

რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორი დარწმუნებულია, რომ ფარულ მოსმენებს, შანტაჟს და მუქარას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების დავალებით ახორციელებს. ფარული თვალთვალის და მიყურადების შეწყვეტის ერთადერთ შესაძლებლობად კი გვარამიას ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორება მიაჩნია.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები