რუსთავი2-ის საქმის სამართლიანად და საჯაროდ განხილვის აუცილებლობაზე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია ევროპარლამენტარებმა რუსთავი2-ის გენერალური დირექტორისგან მოისმინეს. ევროპელმა დეპუტატებმა ინფორმაცია ფარული მიყურადების საქმეზეც მიიღეს და მიუღებლად შეაფასეს.
ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი მაღალჩინოსნებიც მოინახულა და მართლმსაჯულებაზე ისაუბრა.
ევროპარლამენტარებმა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მხარდაჭერა გამოხატეს გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრისას.
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე საქართველოს პრემიერთან, საგარეო და იუსტიციის მინისტრებთან, ასევე პარლამენტის ვიცესპიკერთან შეხვედრისას იმსჯელეს.
წინასაარჩევნო გარემო იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროპარლამენტარების ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისია საქართველოში არჩევნების წინ ვითარების შესასწავლად ჩამოვიდა.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი