რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი გავრცელდა, ჯერ სოციალური მედიით, შემდეგ კი ქართული სააგენტოებისა და ტელევიზიების მიერ. ჩანაწერი პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის საუბრის ნაწილს მოიცავდა. გვარამია და ბურჭულაძე ამბობენ, რომ ჩანაწერი ავთენტურია, თუმცა დამონტაჟებული.
პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის, პრეზიდენტისთვის და მესამე სექტორისთვის ჩანაწერის გაკეთება და შემდეგ მისი გავრცელება მიუღებელია, თუმცა ქართულ ოცნებაში უკანონო ჩანაწერზე მეტად ყურადღება საუბრის შინაარსზე გადაიტანეს.
ქართული ოცნების დეპუტატების მინიშნებების შემდეგ, ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩანაწერის გავრცელებაში თავად ნიკა გვარამია დაადანაშაულა, გვარამიაც და ბურჭულაძეც ამბობენ, რომ ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გააკეთეს. ამის დასტურად გვარამია რამდენიმე მიზეზს ასახელებს:
პირველი, გამავრცელებელი მედიასაშუალებები - რეპორტიორი, ტელეკომპანია იმედი, GDS, მაესტრო. მეორე, გვარამიას განცხადებით თავად საუბრის შინაარსია, რომელიც დამახინჯებულია და ამოჭრილია ის ნაწილი, სადაც ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ ის არც ნაციონალური მოძრაობის და არც ქართული ოცნების მეგობარია. ამას თავად ბურჭულაძეც აცხადებს.
ბურჭულაძეც და გვარამიაც ფიქრობენ, რომ საქმის გამოძიება მოქმედი ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდება.
ავტორი: თეა ადეიშვილი.