ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის საორგანიზაციო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლეები არ გამორიცხავენ, რომ რუსთავი 2-ისა და კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდეს. ამ შემთხვევაში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ საგანგებო სხდომა ჩაინიშნება.
მოსამართლე მერაბ ტურავას განცხადებით პლენუმი განიხილავს უზენაესი სასამართლოს მიერ წარდგენილ რამდენიმე სარჩელს. იმ შეთხვევაში თუ პლენუმის ამ შემადგენლობამ გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილება არ გამოაცხადა, მაშინ შესაძლოა პლენუმის ახალმა შემადგენლობამ აღნიშნული საქმეების განხილვა თავიდან დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და 3 მოსამართლეს უფლებამოსილება ხვალ ეწურებათ. არსებული შემადგენლობით საორგანიზაციო შეხვედრას ისინი დღეს უკანასკნელად ესწრებიან.
"რამდენიმე საქმეზე იქნება გადაწყვეტილება. არ მინდა პლენუმის მიღმა განცხადება გავაკეთო. გამოცხადებები იქნება, მაგრამ კონკრეტულად რა არ ვიცი. დღეს პლენუმი გარკვეულ საკითხებზე უნდა შეთანხმდეს. ჩემი მოსაზრებაა, რომ როდესაც სასამართლო ამა თუ იმს საკითხს იხილავს, ბუნებრივია იღებს პასუხისმგებლობას, რომ გადაწყვეტილება გამოცხადდეს,"- აცხადებს მაია კოპალეიშვილი.
იმას, რომ გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილება შეიძლება გამოცხადდეს, არ უარყოფს არც მერაბ ტურავა.
"დღეს და ხვალ იქნება სხდომები, რის გამოცხადებასაც მოვასწრებთ იმას გამოვაცხადებთ იმიტომ, რომ რამდენიმე დღეში ახალი მოსამართლეები იწყებენ. მე არ ვიცი ახლა მივალ და გავეცნობი დღის წესრიგს და მაგის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ჩემ კოლეგებს შევხვდები და ამის შემდეგ გვექნება სათქმელი. გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქმეებზე, ამას მივიღებთ მას შემდეგ რაც მოსამართლეები ჩამოვლენ,"- აცხადებს მოსამართლე მერაბ ტურავა.
იგივე პოზიცია აქვთ მოსამართლეებს ზაზა თავაძესა და ოთარ სიჭინავას.