საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს არსებული შემადგენლობით ისე ასრულებს მუშაობას, რომ არც ერთ გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილება არ მიუღია. პლენუმის მომავალი სხდომა უკვე 4 ახალი მოსამართლით და ახალი თავმჯდომარით შეიკრიბება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დავებზე განახლებული პლენუმი ხელახალ განხილვებს დაიწყებს და სათათბიროდაც ხელახლა გავა, რუსთავი 2-ის საქმეზე უკვე მესამედ.
დღეს ცნობილი გახდა სასამართლოს თავმჯდომარეობაზე კიდევ ერთი პრეტენდენტის ვინაობა. ზაზა თავაძე პირველ განცხადებას აკეთებს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან, ხელმძღვანელის თანამდებობაზე გეგმავს გადასვლას.
3 ახალი მოსამართლე ფიცს კვირას, 2 ოქტომბერს დადებს. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება.
მესამე სექტორი ახალ მოსამართლეებს მოუწოდებს, კიდევ უფრო მეტად არ გააჭიანურონ გახმაურებული საქმეების განხილვა და გადაწყვეტილებები გონივრულ ვადაში მიიღონ.
ავტორი მარიამ გაფრინდაშვილი, ქეთი ნადიბაიძე