19 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
მოსამართლე მერაბ ტურავას "რუსთავი 2"-ის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია არ აქვს

საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის და კიდევ რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. სასამართლომ დღეს დილიდან გაავრცელა განცხადება, რომ გამოქვეყნდება გადაწყვეტილება ტელეკომპანიის რამდენიმე სარჩელიდან - ორზე.

საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გამოიტანა. სწორედ ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს რუსთავი 2.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კანონის ეს ნორმა ჯერ კიდევ 2015 წლის 13 ნოემბერს შეარჩია. თუმცა, გადაწყვეტილება დღემდე არ იყო მიღებული.

საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფება პირველი კოლეგიის წევრი მერაბ ტურავა, რომელიც აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კოლეგია რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანას დღეს გეგმავს. მისი განმარტებით, მოსამართლეები ამ საკითხზე არ შეთანხმებულან. შესაბამისად, უცნობია დაესწრება თუ არა პროცესს მოსამართლე მერაბ ტურავა.

„გუშინ მე საორგანიზაციო სამსახურის უფროსს რომ დავურეკე მითხრა, ამ სამი სარჩელის შესახებ. ორი სარჩელი, რომელსაც თქვენ ამბობთ, რომ დღეს დილით დაემატა, 675, 681, ამაზე ჯერ ჩვენ მსჯელობა არ გვქონია. არც ელექტრონული ფოსტით არ მიმიღია შეტყობინება, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე ცხადდებოდა. ეს არის ძალიან ცუდი, რომ მე თქვენზე გვიან ვიგებ. რაც შეეხება იმას, რომელი გადაწყვეტილება გამოცხადდება, ხუთი იქნება თუ ათი, ამას გაიგებთ სხდომათა დარბაზში,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ.

შეგახსენებთ, რომ ეს იქნება პირველი კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით, თუმცა პლენუმი მოქმედი შემადგენლობით, ისე ასრულებს მუშაობას, რომ რუსთავი 2-ის არც ერთ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

დღის ამბები