19 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ელისო კილაძის დაანონსებული სპეცოპერაცია "რუსთავი 2"-ში - ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ მსგავსი ინფორმაცია აქამდეც არსებობდა

სამაუწყებლო მომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ქრონიკა პლუსის რედაქტორის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ელისო კილაძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის შენობაში დღეს ან ხვალ სპეც ოპერაცია ჩატარდება.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ამის მიზეზი არსებული რამდენიმე კადრი იქნება, სადაც ტელევიზიიდან გათავისუფლებული ერთ-ერთი თანამშრომელი რუსთავი 2-ის შენობასთან ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენს.

ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მანამდეც არა ერთხელ ყოფილა, თუმცა იმედოვნებს, რომ ძალოვანები მსგავსი აბსურდულობისგან ამჯერადაც თავს შეიკავებენ.

"ასეთი ინფორმაცია ბევრჯერ მოსულა ჩვენამდე, რომ აპირებდნენ სპეცოპერაციას იმ კრიტიკულ ვითარებებში, მაგრამ ეს ვერც ერთხელ შეძლეს. იმედია, რომ საღი აზრი ახლაც ეყოფათ და თავს შეიკავებენ ამგვარი სისულელისგან," - აცხადებს ნიკა გვარამია. 

რაც შეეხება ნარკოტიკებთან მიმართებაში ტელევიზიის პოლიტიკას - არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით არხის დამოკიდებულება საკმაოდ მკაცრია.

"რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას და გასაღებას, ჩვენ ვებრძვით ნარკოტიკების მოხმარებას სამუშაო საათებში, სხვა ჩვენი საქმე არ არის და ამაზე ინფორმაციასაც ვერ მოვიპოვებთ. თუ თრობის ფაქტები გამოვლინდა სამუშაო საათებში, ასეთი თანამშრომელი ავტომატურად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ემშვიდობება სამსახურს, რაც შეეხება გასაღების ფაქტებს, წერტილოვნად ეძებონ, გამოავლინონ, მითუმეტეს თუ ეს ჩვენი ტერიტორიის მიმდებარედ ხდება, სადაც ყველგან კამერებია, ამოიღონ ეს ვიდე ჩანაწერები და ნებისმიერი თანამშრომელი, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩემით დასრულებული თუ ნარკოტიკებს ასაღებს, ის უნდა იყოს დასჯილი კანონის შესაბამისად, თავისთავად ცხადია," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. 

დღის ამბები